საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში ვიზიტისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. მაიკ პენსთან შეხვედრამდე კი, გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გამოვიდა.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციაზე მან ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებზე ილაპარაკა. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უმალ შეაფასა საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის თანმდევი გამოწვევები, განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან. ამავე დროს, მან უმალ გააცნობიერა საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფია, მისი ძალა, ცხადყოს დემოკრატიული განვითარების უპირატესობები. თავის მხრივ, საქართველო აცნობიერებს და წვლილი შეაქვს ამერიკის მხრიდან რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ თავისი ინტერესებისა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებასა და დაცვაში. საქართველო დიდად აფასებს თავის წვლილს ამ პარტნიორობაში, იბრძვის რა ამერიკის და ნატოში მისი მოკავშირეების გვერდიგვერდ ისეთ ცხელ წერტილებში, როგორიცაა ერაყი და ავღანეთი, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ საქართველომ ნატოს სხვა ნებისმიერ წევრ ქვეყანაზე მეტი მებრძოლი დაკარგა ერთ სულ მოსახლეზე. საქართველოს ხარჯები თავდაცვაზე მნიშვნელოვნად აღემატება ნატოს სტანდარტებს - 2%-ს, როგორც ამას პრეზიდენტი ტრამპი სამართლიანად ითხოვდა. ჩვენ ამით ვამაყობთ. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების დღის წესრიგს,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კონფერენციაზე ფონდ "ჰერითიჯის" საერთაშორისო პოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორი, ჯეიმს კარაფანო ინიციატივით გამოვიდა, რომ მაკედონია ნატო-ს შემადგენლობაში შეიყვანონ.
„არაჩვეულებრივი იქნება, თუ მაკედონიას შევიყვანთ ნატოს შემადგენლობაში და თუ ეს ამავე სამიტზე მოხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის. პირველ რიგში, ეს აჩვენებდა, რომ ნატომ მოაგვარა კომპლექსური საკითხი და ეს მნიშვნელოვანი გზავნილია. მეორე მხრივ, ეს აჩვენებდა, რომ კარი ყოველთვის ღიაა. ნატო არის იმ ერების ალიანსი, რომლებსაც უყვართ თავისუფლება და უსაფრთხოება და არავის შეუძლია, უკარნახოს მათ, ვინ უნდა მიიწვიონ, ან არ მიიწვიონ თავიანთ საზოგადოებაში. ამასთან, მაკედონიის შემდეგ, არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მზადაა და საკმარისად კვალიფიცირებულია და ეს საქართველოა,“- განაცხადა კარაფანომ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თქმით, კი ჩვენს ქვეყანას აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ნატო-ს წევრობისთვის გვამზადებს.
„ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც წევრობისთვის გვამზადებს და ეს აღიარებულია ნატოს მიერ. ვფიქრობ, ეს რეალობა ცხადად უნდა იყოს მიღებული ამ სამიტზე. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენი მზაობით, ინსტიტუციებითა და წვლილით, ალიანსის ზოგიერთ წევს ქვეყანაზე წინაც კი ვართ. ჩვენ ვიცით, რა არის მთავარი ფაქტორი გადაწყვეტილებების მიღებისას და ვფიქრობ, ევროპასა და შეერთებულ შტატებშიც მეტი პოლიტიკური გაგება უნდა იყოს ჩვენი წევრობის მიმართულებით. ძალიან მოხარულები ვართ, რომ მონტენეგრო შეუერთდა ნატოს და მაკედონიაც ამ გზას ადგას, მაგრამ, როცა საქართველოზე ვლაპარაკობთ, საქმე უფრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეხება. ჩვენ გვჭირდება, რომ ვიმუშაოთ და ვიპოვოთ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება,“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.