ოპოზიციაც და ხელისუფლებაც თანხმდება, რომ სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში წარდგენილი ქართული მხარის მტკიცებულებები ამომწურავი იყო. მათი შეფასებით, რუსეთი ყველანაირად ცდილობდა, გადაეფარა საკუთარი დანაშაული და ის საქართველოსთვის გადაებრალებინა. ქართველი კანონმდებლები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები სტრასბურგიდან საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას ელოდებიან. ოპოზიცია კი ამ გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობაზე საუბრობს.
"ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, დეოკუპაციისთვის "-აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.
"ნაციონალურ მოძრაობაში" მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს იხსენებენ, რომლის თანახმადაც ომი საქართველომ დაიწყო, თუმცა მიუხედავად ამისა, იმედს გამოთქვამენ, რომ ევროსასამართლო ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს.
"ევროსასამართლომ უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და დაუჭიროს საქართველოს მხარი,"-აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ბეჟაშვილი.
"ევროპულ საქართველოში" კი მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელისუფლების შემდგომ ქმედებებს დიდი მნიშვნელობა აქვს.
"თუ საქართველო უკან დაიხევს, არ ილაპარაკებს ამ თემაზე, შეეცდება არ გააღიაზიანოს რუსეთი როგორც წინა წლების განმავლობაში გვქონდა, მაშინ რუსეთს არანაირ ფასად არ დაუჯდება აღსრულება ამ გადაწყვეტილების,"-აცხზადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.