20 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
"ეს არის დაკარგული წლები... დაკარგული შანსები.."-ოპოზიცია აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ პრემიერის განცხადებას ეხმაურება

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობის გაღრმავებას ეხება, ოპოზიცია ეხმაურება. საპარლამენტო უმცირესობა იზიარებს პრემიერის მოსაზრებას, რომ რომ სტრატეგიულ პარტნიორთან და მსოფლიოს ყველაზე დიდ ეკონომიკასთან თავისუფალი ვაჭრობა არაერთი სიკეთის მომტანია საქართველოსთვის. თუმცა “ევროპული საქართველო“ გიორგი კვირიკაშვილს ახსენებს, რომ ამ პროცესის შეჩერება მისი წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მოხდა.

„აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დიალოგი დავიწყეთ 2012 წელს. მაშინ საქართველოს პრეზიდენტის და პრეზიდენტ ობამას შეხვედრის დროს, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ თემაზე მუშაობა გაჩერდა. პირიქით, მაშინ ჩვენ გვახსოვს პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც პირდაპირ აკრიტიკებდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ამბობდა, რომ თურმე მას არ უნდა ელაპარაკა  თავისუფალ ვაჭრობაზე. აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას იმისთვის, რომ  სტატიებში  იწერებოდა თავისუფალ ვაჭრობაზე და ჩვენ თითქოს აშშ-ს ნებართვის გარეშე ვსაუბრობდით ამ თემაზე. რამდენიმე წელი შემდეგ ეს საკითხი მინელდა. კარგია, რომ ახლა ისევ განახლდა. უბრალოდ დაიკარგა რამდენიმე წელიწადი,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

2012 წელზე ამახვილებს ყურადღებას "ნაციონალური მოძრაობაც.“ რომან გოცირიძის შეფასებით 6 წლის განმავლობაში ეს საკითხი იყო გაჩერებული და ეს დაკარგული წლებია.

„ვიმყოფებით ისევ იმ მდგომარეობაში, რაც ვიყავით 2012 წლის ბოლოს, როდესაც დავიწყეთ ამ საკითხზე საუბარი ამერიკის ადმინისტრაციასთან. მაშინ კონიუქტურა იყო გაცილებით უკეთესი, ვინაიდან ობამას ადმინისტრაცია ეწეოდა უფრო ღია საგარეო სავაჭრო პოლიტიკას და რეალურად 6 წლის განმავლობაში არაფერი არ  გაკეთებულა. ეს არის დაკარგული წლები, დაკარგული შანსები. ეს არის ერთ ადგილზე ტკეპნის პერიოდი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მნიშვნელობაზე გიორგი კვირიკაშვილი Fox news-ზე გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში წერს. ამერიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით, არაერთ სარგებელს მოუტანდა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს.

 

დღის ამბები