ძიუდოისტების პროტესტი გრძელდება, მათი მოთხოვნა კვლავაც უცვლელია. სპორტსმენები ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.
მათი მოთხოვნის პარალელურად, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი საპასუხო განცხადებას ავრცელებს და ძიუდოისტებს კონკრეტულ პირობებს უყენებს, რისი დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ის მზადაა, დატოვოს თანამდებობა.
ქევხიშვილის შეთავაზება ძიუდოისტებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ქევხიშვილმა ძიუდოისტებს შესთავაზა, წარმოადგინონ მათი ნდობით არჭურვილი პირი, რომელსაც ის თანაშემწედ დანიშნავს.
ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ამბობს, რომ ისინი არ მიიღებენ ქევხიშვილის წინადადებას, რადგან მათ კომპეტენციაში არ შედის ძიუდოს ფედერაციაში ვინმეს წარდგენა. ლიპარტელიანის თქმით, ქევხიშვილი არ აღიარებს პრობლემებს და ამას ადასტურებს მისი შეთავაზებაც.
„ჩვენი მხრიდან ვინმეს მიყვანაზე, ვინმეს დანიშვნასა და სიტუაციის კონტროლზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ ამ გადაწყვეტილებებს, რადგან ჩვენ ვართ სპორტსმენები. ჩვენ საკუთარი პოზიცია დავაფიქსირეთ, ვისაც უშუალოდ შეხება გვქონდა დავით ქევხიშვილთან. ჩვენ დავასახელეთ პრობლემები, კერძოდ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, მწვრთნელების კომპეტენციაში ჩარევა და უამრავი მიმართულებით არასწორი მიდგომა.
თუ ის კიდევ ვერ ხვდება, რომ პრობლემები ნამდვილად იყო და ჩვენ უაზროდ თითიდან გამოწოვილ მიზეზებზე არ გვქონდა საუბარი, მაშინ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მასთან მუშაობა შეუძლებელია“-ამბობს ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი.
სპორტსმენები თვლიან, რომ ამ საკითხით პრემიერ მინისტრი უნდა დაინტერესდეს, რადგან გაურკვევლობაა კომისიაში და მინისტრიც გაურკვეველ განცხადებებს აკეთებს.