აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა საბაჟო მონიტორინგის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება იყო.
რაც შეეხება საბაჟო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, მხარეები ფიქრობენ, რომ უნდა შეიქმნას სამმხრივი კომისია, რომელიც განიხილავს ამ საკითხს, თუმცა საკითხი არ უნდა იქნას პოლიტიზირებული.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსული მხარე რკინიგზის შესაძლო აღდგენის საკითხზე არ საუბრობს, მთავარი მიზანი 2011 წლის შეთანხმების შესრულებაა.
"თქვენი არხისგან ვისწავლე, რომ არასდროს ვმსჯელობ ჰიპოთეტურად მომავალზე, ვლაპარაკობ მხოლოდ იმას, რაც დღეს გადაწყდა. დღეს გადავწყვიტეთ მნიშვნელოვანი საკითხი, გავაგრძელებთ მოქმედებას. მე თუ ახლა იმაზე დავიწყებ მსჯელობას, რა უნდა მოხდეს მომავალში, თქვენ მერე მეტყვით - აი, მაშინ რომ ამბობდით, რომ ესე უნდა მომხდარიყო და არ მოხდა...“-განაცხადა კარასინმა.
შეკითხვაზე, დაინტერესებულია თუ არა რუსეთი რკინიგზის აღდგენით, კარასინმა უპასუხა: "ჩვენ დაინტერესებული ვართ იმით, რომ შესრულდეს 2011 წლის შეთანხმება“
რაც შეეხება პრეზიდენტების შეხვედრის იდეას, რუსი დიპლომატის განცხადებით, თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა კარასინის თქმით, აუცილებელია შეხვედრისთვის კონკრეტული თემები არსებობდეს.