სტრასბურგში ისტორიული სასამართლო პროცესის მეორე დღეს პრაღაში რუსი და ქართველი დიპლომატები მოლაპარაკების მაგიდასთან სხდებიან. სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ აბაშიძე და კარასინი არ აკონკრეტებენ, რა შეთანხმებებს მიაღწიეს.
რუსეთის პირველი დიპლომატის მოადგილე, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ერთადერთ მტკიცებულებებს გამოიყენებს და ეს ტალიავინის დასკვნაა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტატუნაშვილის საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პათანატომი არ არის და ცხინვალის ციხეში მოკლული ქართველი ჯარისკაცის ცხედრიდან ამოცლილ ორგანოებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
შეხვედრის შემდეგ, პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟურნალისტებთან საკუთარი შეფასებები არ გაუკეთებია. ზურაბ აბაშიძე ქართულ ენაზე იმეორებდა მხოლოდ იმას, რაც რუსმა კოლეგამ დახურულ კარს მიღმა უთხრა.
3 საათიანი შეხვედრიდან ორივე მონაწილემ რამდენიმე წინადადებიანი გადაწყვეტილება გამოიტანა, ოკუპირებული რეგიონების ე.წ. საზღვრებზე საბაჟო პუნქტების გახსნა და ტვირთებზე კონტროლის დაწყება შვეიცარული კომპანიის, 2011 წლის შეთანხმების მიხედვით უნდა დაიწყოს და საკითხის პოლიტიზირება არ ღირს.
მხარეებს არ დაუკონკრეტებიათ ითვალისწინებს თუ არა ტვირთების კონტროლის ახალი მექანიზმი სატრანსპორტო დერეფნის გახსნაზე კონსულტაციებს, მათ შორის, სომხეთის მიმართულებით რკინიგზის ამოქმედებას, ოკუპირებული აფხაზეთის გავლით.
უცნობია, განიხილეს თუ არა შეხვედრაზე, გიორგი მარგველაშვილის წინადადება ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ. გრიგორი კარასინი ამბობს, რომ ასეთ შეხვედრებს აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, როცა ზურაბ აბაშიძესთან ისეთ საკითხებზე შეთანხმდებიან, რაც ლიდერებს მოლაპარაკების საფუძველს მისცემს.
შეხვედრის დრო და დღის წესრიგი უკვე შეთანხმებული აქვთ გრიგორი კარასინს და ზურაბ აბაშიძეს, პრაღის მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი, შემოდგომაზე იგეგმება.