საქართველოს მესამე პრეზიდენტი და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატრიარქოს მიერ "რუსთავი 2"-ისთვის" ბოიკოტის გამოცხადებას ეხმაურება.
საპატრიარქომ გადაცემა "არჩევანის" წამყვანის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, სადაც გიორგი გაბუნია ღვთისმშობელზე საუბრობდა, სამღვდელოებას და მრევლს მოუწოდა, "რუსთავი 2-თან" ურთიერთობა შეწყვიტონ.
შეფასებას მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს და წერს, რომ გიორგი გაბუნიას გამოსვლა იყო დიდი შეცდომა და ჩავარდნა. თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიუღებელია აგრესიის ერთი ჟურნალისტიდან მთელს "რუსთავი2"-ზე გადატანა.
"გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს ყველა მორწმუნე ქრისტიანის გრძნობებს, ისევე როგორც საკუთარი დედის აუგად მოხსენიება. პირადად ჩემთვის, ეს იყო ძალიან უსიამოვნო სანახავი.
ვთხოვ ყველას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის გრძნობებს და თავი შევიკავოთ უაზრო წყენის მიყენებისგან და როდესაც ასეთი რამ ხდება, ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ საჯარო ბოდიში! ამავე დროს, მიუღებელია ამ თემის, ერთი ჟურნალისტიდან, მთლიანად რუსთავი ორზე განვრცობა და მთელს ტელევიზიაზე აგრესიის გადატანა, რაც პირდაპირ შედის ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მტრის, ბიძინა ივანიშვილის, ინტერესებში!,"-წერს მიხეილ სააკაშვილი.