03 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
სამხედრო მანქანები რუსული ნომრებით - რა მიზნით გადაადგილდებიან ისინი თბილისის ქუჩებში?

თბილისის ქუჩებში რუსული სატრანზიტო ნომრებით სატვირთო მანქანების გამოჩენას შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტომანქანები არ არის სამხედრო დანიშნულების და არ წარმოადგენს არავითარ საფრთხეს საქართველოს ან მისი მეზობელი ქვეყნებისთვის.

სამინისტროს ცნობით, ისინი რუსეთში კერძო პირმა შეისყიდა, ცნობილია ამ პირის ვინაობაც.
ამ ფაქტს ასევე ადასტურებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, მოქალაქეს ყოფილი რუსული სამხედრო ტექნიკა აღჭურვილობის გარეშე შემოჰყავდა და ამან გამოიწვია გარკვეული აღელვება სოციალურ ქსელებში. მისივე თქმით, მოქალაქე აღნიშნულ მანქანებს შლიდა და ნაწილებად ყიდდა.

„ნაციონალური მოძრაობა” ამ ფაქტთან დაკავშირებით არ გამორიცხავს, რომ მანქანებს შესაძლოა მოსმენებისთვის იყენებდნენ.

„ჩვენ ვნახეთ, არც არავინ არ აცილებს მათ, თავისით მოძრაობენ. ეს თავისუფლად იძლევა დაშვების შესაძლებლობას, რომ ისინი კონკრეტულად კავშირგაბმულობის მანქანებია. კონკრეტული ადგილებიდან უსმენენ კონკრეტულ ობიექტებს, მაგალითად, ჩვენი დასავლელი პარტნიორების აქაურ ოფისებს,” - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გივი თარგამაძემ.

ავტომობილებს მინიჭებული აქვთ სატრანზიტო ნომრები, რომლითაც მესამე ქვეყანაში გასვლა იკრძალება.

ამჟამად ისინი თბილისში დგას მეორადი გამოყენებისა და სათადარიგო ნაწილებად რეალიზაციისათვის.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები