„გამორიცხულია უკან დახევა,“ - ეს განცხადება, ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული არასრულწლოვანის დავით სარალიძის მამამ გააკეთა.
ზაზა სარალიძე რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც დღეს დაცვის მხარე ექსპერტიზის დასკვნას წარადგენს. იგეგმება დამოუკიდებელი ექსპერტების დაკითხვაც, მათ შორის იქნება მაია ნიკოლეიშვილიც.
ზაზა სარალიძის თქმით, მზად არის ნებისმიერ პირთან შესახვედრად, რათა მისი შვილის საქმე ბოლომდე გამოიძიონ.
"ნებისმიერ ადამიანს შევხვდები, ვთხოვ ყველას, რომ დამიდგეთ გვერდში, რომ აღმოვფხვრათ როგორმე მარაზმი, რასაც დღესდღეობით შოთაძე და მისი უწყება აკეთებს. მოვითხოვ დანარჩენი ორი პირის დაკავებას, პლუს, იმ ადამიანების დაკავებას, რომლებმაც აურიეს საქმეს ყველაფერი და წარმოაჩინეს მხოლოდ და მხოლოდ, ორი პიროვნება და ასე, რომ ვთქვათ ტენიან ამ ორ პიროვნებას ჩემი შვილის მკვლელობას,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
დავით სარალიძის მამა, აქციას აანონსებს. ზაზა სარალიძის განცხადებით, აქცია მოთხოვნით - "აღდგეს სამართლიანობა", პარლამენტის შენობასთან 27 მაისს, 7 საათზე გაიმართება.