საპატრიარქოს განცხადებას „რუსთავი 2"-ისთვის ბოიკოტის გამოცხადებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობა საპატრიარქოს განცხადების შინაარსს იზიარებს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სამაუწყებლო კომპანიის მიერ გაკეთებული სიუჟეტები პროვოკაციული ხასიათისაა და ეს ხელს უწყობს შემდგომ საპატრიარქოს უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას.
„არანაირ კანონმდებლობის შეცვლაზე აქ ლაპარაკი არ არის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ის, რომ პროვოკაციის საფუძველზე წარმოქმნილი დაპირისპირება, რომელიც ერთმანეთს ასაზრდოებს ორი რადიკალური მხარე არ გადაიზარდოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში. ეს უნდა უზრუნველყოს ხელისუფლებამ, ისევე როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება როგორც ერთი ასევე მეორე მხრიდან.
საპატრიარქოს წარმოჩენა, როგორც აგრესიისკენ მომწოდებელი სტრუქტურის არის ის ჩანაფიქრი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში მიზნად ისახავს გარკვეული პროვოკაციული სიუჟეტები,“-აცხადებს გია ვოლსკი.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო დაიცავს სიტყვის თავისუფლებას, თუმცა მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სიტყვის თავისუფლების ფარგლებში შეურაცხყოფა არ მიაყენოს სხვა მოქალაქეების შეხედულებებს.
„სახელმწიფო თავად დარჩება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე, თუმცა ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ ამ უფლების სარგებლობისას არ მივაყენოთ შეურაცხყოფა ვინმეს, როცა საქმე ეხება ისეთ ღირებულებებს, რომელიც არის ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი“-აცხადებს სესიაშვილი.