საპატრიარქოს განცხადებას, სადაც „რუსთავი 2"-სთვის ბოიკოტის გამოცხადებაზეა საუბარი ოპოზიცია კატეგორიულად მიუღებელს უწოდებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ მისთვის მოსაწონი არ ყოფილა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა "არჩევანში“ ჟურნალისტის მიერ გამოყენებული რეპლიკა, თუმცა ასევე კატეგორიულად მიუღებელია საპატრიარქოს განცხადებაც.
„ყველა, მიუხედავად იმისა, იქნებიან ეს რელიგიური კულტის მსახურები თუ იმუშავებენ რომელიმე ტელევიზიაში, ყველამ კარგად უნდა შევისწავლოთ ჩვენი კონსტიტუცია და შევიგნოთ, სად იწყება ჩვენი უფლებები და სად მთავრდება ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეების.
აბსოლუტურად პატიოსნად გეუბნებით, მე უკვე შემდგომ პოსტფაქტუმ ვნახე ის ნაწყვეტი, რის გამოც დაიწყო ეს სკანდალი. ნაწყვეტი არ მომეწონა, მაგრამ კიდევ უფრო კატეგორიულად არ მომეწონა ჩემი ეკლესიის განცხადება“-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
საპატრიარქომ განცხადება გუშინ გაავრცელა. განცხადებაში სამაუწყებლო კომპანიის მიმართ ბოიკოტის გამოცხადებაზეა საუბარი. საპატრიარქო ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას შეცვალოს კანონმდებლობა, რათა ადამიანების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ არსებობდეს სამართლებრივი მექანიზმი.