პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ილაპარაკა.
გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის პოლიტიკურ წარსულზე და ხვალინდელი დღის მნიშვნელობაზე.
პრემიერის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი მისია ქვეყნის გაერთიანება არის.
„მინდა, წინასწარ მოგილოცოთ ყველას, ეს უდიდესი დღესასწაული და ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, რომ ამჯერად შეუქცევადად გამხდარიყოს ევროპული ოჯახის წევრი და ის უდიდესი საქმე, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1918 წლის 26 მაისს, დაგვირგვინებულიყოს საქართველოს ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად მიღებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის ყველას გვჯერა და გვწამს.
ჩვენ წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო და ჩვენი უმთავრესი საქმე გახლავთ მშვიდობიანად ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ეს არის, ალბათ, ყველაზე მთავარი მისია ჩვენი თაობის, ჩვენი ხელისუფლების და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ მისიას ნაბიჯ-ნაბიჯ, ღირსეულად აღვასრულებთ,“ - აცხადებს პრემიერი.