საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა ნატო-ს სამიტის სამზადისი და კოორდინირებული ქმედებები განიხილეს. ორი ქვეყნის ლიდერმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრა გამართა.
გიორგი მარგველაშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს მადლობა გადაუხადა ლიეტუვის ისტორიული გადაწყვეტილების გამო, ლიეტუვაში საქართველოს ოფიციალური სახელის შეცვლასთან დაკავშირებით. ლიეტუვა გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც გამოიყენებს "საქართველოს" ავთენტურ სახელს მის ენაზე.
ლიეტუვის ამ ისტორიული ჟესტის საპასუხოდ კი, ქართული ენის პალატის გადაწყვეტილებით, ქართულ ენაზე ლიტვის ოფიციალური სახელი გახდა "ლიეტუვა".
პრეზიდენტებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპაციის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე, უსაფრთხოების პრობლემებზე და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.
საუბარი შეეხო ნატო-ს მოახლოებული სამიტისთვის სამზადისს და საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების კოორდინირებული მოქმედებების განხილვას.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ლიეტუვა ყოველთვის იყო და არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მხარდამჭერი.