საპატრიარქოს მიერ „რუსთავი 2"-ისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს მთავრობის წევრები ეხმაურებიან. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით კონკრეტული განმარტება არ გააკეთა.
თეა წულუკიანის თქმით, ის სტრასბურგში მიმდინარე დავის შედეგებს ელოდება.
„ველოდებით მედიასაშუალებასთან მიმდინარე დავის განხილვის გაგრძელებას, დავის განხილვის შედეგებს, შესაბამისად, ამ ეტაპზე რაიმე ტიპის შეფასებით კომენტარს ჩემი მხრიდან ადგილი ვერ ექნება,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრი განმარტავს, რომ ქვეყნის სიტყვის გამოხატვის და რწმენის თავისუფლება კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი.
„ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, როგორც ძირითადი კანონი. ამ კონსტიტუციით ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება, ასევე, უზრუნველყოფილია თანაბრად რელიგიის, აღმსარებლობის, რწმენის თავისუფლება და ამ ორ თავისუფლებას შორის რაიმე ტიპის დაპირისპირებას ჩვენი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს, ეს არის გამორიცხული,“ - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას განმარტავს და აცხადებს, რომ ყველა ადამიანს შინაგანი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს.
„სიტყვის თავისუფლებას მოჰყვება, ჩემი აზრით, ასევე, პასუხისმგებლობა. ვგულისხმობ იმას, რომ ამ უფლების გამოყენებით სხვისი უფლებები არ უნდა შევლახოთ, ვგულისხმობ, შინაგან პასუხისმგებლობის გრძნობას და არა რამე სამართლებრივ რეგულაციას, როდესაც ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ის, რომ ამ უფლების გამოყენებით სხვისი უფლებები არ შევლახოთ,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
საქართველოს საპატრიარქომ "რუსთავი 2"-ს ბოიკოტი გამოუცხადა. ის სამღვდელოებას და მრევლს მოუწოდებს, "რუსთავი 2"-თან ურთიერთობა შეწყვიტონ, ინტერვიუ არ მისცენ და მის გადაცემებში მონაწილეობა არ მიიღონ.