20 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
ქვეყნის ენერგოსისტემა უკვე მეორე დღეა ავარიულ რეჟიმში მუშაობს - ექსკლუზიური კადრები ენგურჰესიდან

ქვეყნის ენერგოსისტემა უკვე მეორე დღეა ავარიულ რეჟიმში მუშაობს. ყველაზე მსხვილი ჰიდრო-ელექტორსადგური გათიშულია, არ მუშაობს ენგურჰესის არც ერთი აგრეგატი.

„კურიერმა“ მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორი მძიმე მდგომარეობაა ენგურის ქვედა დარბაზში. ვიდეომასალაში ჩანს, რომ სივრცე, სადაც ტექნიკური მოწყობილობებია დამონტაჟებული, წყლით არის სავსე.

უკვე მეორე დღეა, სპეციალისტების წყალს ტუმბავენ, თუმცა, ტერიტორია ისევ დატბორილია.

ამ დროისთვის ენგურჰესი გაჩერებულია და მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია. შესაბამისად, სისტემას ენგურჰესიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ამჟამად, ქვეყნის ენერგომომარაგება ხორციელდება ჰიდრო და თბოსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის და იმპორტირებული ელექტროენერგიის ხარჯზე.

ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ხორციელდება.

ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი განმარტებას აკეთებს.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გარკვეული სამუშაოების ჩატარების შემდეგ დადგინდება, რა ზარალი მიადგა სისტემას და ასევე, რა დრო დასჭირდება მის სრულად ამოქმედებას.

გუშინ ქვეყნის რამდენიმე რეგიონი და თბილისის ნაწილი დღის ბოლოს ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მიზეზი ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის ავარიულად გათიშვა გახდა.

ელექტროენერგიის დეფიციტის გამო თბილისის ნაწილს წყალი ამ დრომდე შეზღუდვით მიეწოდება. რეგიონების ჩართვა სისტემაში არსებული რეზერვის და იმპორტის ხარჯზე ეტაპობრივად მიმდინარეობს.

დივერსია თუ ტექნიკური გაუმართაობა, ამ კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები