მზადება 26 მაისისთვის - დამოუკიდებლობის დღის იუბილეზე დღის მთავარი ნაწილი სამხედრო ფიცის დადება იქნება. ცერემონიალი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მარშებით გაიხსნება, რომლებიც ძველი ჩანაწერებიდან საგანგებოდ აღადგინეს.
პირველი რესპუბლიკის სამხედრო ფორმას ჩაიცვამენ იუნკერებიც. თბილისთან ერთად, წვევამდელები სამხედრო ფიცს კიდევ ხუთ სხვა ადგილას დადებენ და მათი გამოსახულებები თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორებში გამოჩნდება.
თავისუფლების მოედანზე გამოიფინება შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა, მათ შორის, პირველად, ახლად შეძენილი ანტი სატანკო სისტემა „ჯაველინი.“
ახალ შეიარაღებასთან ერთად, თავდაცვის სამინისტრო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებას ინსტალაციების სახით წარადგენს. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სამინისტრო სამხედრო ისტორიის შესახებ შექმნილი ახალი საიტის პრეზენტაციას გამართავს.
საზეიმო ღონისძიებების კიდევ ერთი მთავარი ნაწილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება. დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების თეატრალური ინსცენირება სწორედ იმ დროს დაიწყება, როგორც ეს ასი წლის წინ მოხდა, 17 საათსა და 10 წუთზე.
რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა უწყება საკუთარ გასართობ და შემეცნებით სივრცეებს მოაწყობს. საგანგებოდ ამ დღისთვის ბათუმიდან ჩამოვიდნენ თითქმის დამოუკიდებელი რესპუბლიკის ასაკის საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებიც.
საკუთარი სივრცე რუსთაველის მეტროსთან ექნება ოპოზიციას. პარტია „ევროპული საქართველო“ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის ამსახველ საარქივო მასალებს გამოფენს.
ოპერასთან საგანგებო კინოთეატრი მოეწყობა, სადაც ძველი ფილმებიდან რეკვიზიტები, აფიშები და კადრები იქნება წარმოდგენილი.
მთავარ გამზირზე გაიმართება საკარნავალო მსვლელობა და ყვავილების ფესტივალიც. საზეიმო ღონისძიებებს ვარდების მოედანზე გალა კონცერტი დაასრულებს.