"დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეკონომიკური პარამეტრებით, ბიზნესის კეთების პარამეტრით, ჩვენ მართლაც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ვართ," - ეს განხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო დუდა, ბატონო პრეზიდენტო კისკა, ბატონო პრემიერ -მინისტრო, პატივცემულო საზოგადოება. არ შემიძლია არ დავიწყო ემოციური ნაწილით იმიტომ, რომ დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანი დღეა და ეს მნიშვნელოვანი დღე და მნიშვნელოვანი დილა იწყება ჩემს ორ საყვარელ და ახლო მეგობართან, საქართველოს მეგობრებთან, პრეზიდენტ დუდასთან და პრეზიდენტ კისკასთან ერთად. ეს ძალიან სიმბოლურია ჩემთვის იმიტომ, რომ ეს არის ორი ადამიანი, რომელიც საქართველოს თემას და საქართველოს ინტერესებს ძალიან მტკიცედ იცავდა და იცავს ბევრ საერთაშორისო ფორმატში, ბევრ მნიშვნელოვან კონტექსტში და ძალიან ამაღელვებელია, რომ ეს დღე ჩემ მეგობრებთან ერთად დაიწყო. მე მადლობა მინდა ვუთხრა მათ. მე მახსოვს, როდესაც ჩვენ ვიყავით ერთი წლის წინ კრინიცაში, საოცარი გარემო იყო მაშინ. მაშინ მე და პრეზიდენტი დუდა შევხვდით იქ ერთად ვიყავით პანელზე და ოცნება იყო, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ფორმატი რატომ არ შეიძლება, ეს სიკეთე, ისევე როგორც ბევრი რამ სხვა იქნას ჩვენთვის გაზიარებული და რეალურად ასეც მოხდა,“ -განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, რომ აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში, ასევე პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევის ინსტიტუტს და საქართველოს სავაჭრო პალატას, იმ ჯგუფებს, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს ეს უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო და ეკონომიკური ღონისძიება გამართულიყო თბილისში.
„უაღრესად დროულია ამ თავყრილობის საქართველოში გამართვა. ძალიან დიდი პოტენციალი არის ჩვენს ქვეყანაში. რეალურად, აღმოსავლეთ, დასავლეთ ეკონომიკურ პროცესში საქართველო სულ უფრო იმკვიდრებს პრინციპულ და მნიშვნელოვან როლს. იქნება ეს ენერგომატარებლების გატანა და პროექტები, რომლებიც ევროპაში დამთავრდება მომავალ წელს და ევროპის ენერგოუსაფრთხოების ნაწილი გახდება. იქნება ეს სავაჭრო გზები, რომლებიც სწორედ საქართველოს მეშვეობით და საქართველოს გავლით ევროპულ და აზიურ ბაზრებს ერთმანეთს ახვედრებს. იქნება ეს ის, რომ შავი ზღვა აღმოსავლეთის ზღვის არმქონე ეკონომიკებისათვის ხდება სწორედ ის ადგილი, საიდანაც ისინი გაიტანენ თავიანთ პროდუქტებს, თუ იქნება ეს ის ეკონომიკური გარემო, რომელიც შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეკონომიკური პარამეტრებით, ბიზნესის კეთების პარამეტრით, ბიზნესის კეთების სიიოლის პარამეტრით, ჩვენ მართლაც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ვართ. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ დღეს, რომ სწორი პოლიტიკის კეთების შედეგად, რომელიც ამ მიმართულებით ტარდებოდა, საქართველში ინვესტირება გულისხმობს ინვესტირებას, არა მცირე ბაზარზე, დავუშვათ 3 მილიონიან ან სამმილიონ ნახევრიან ბაზარზე, არამედ ფაქტიურად იმ ღია და ლიბერალური პოლიტიკის შედეგად, რომელმაც შედეგად მოგვიტანა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, საქართველოში ინვესიტირების შედეგად ბიზნესმენი გადის 2 მილიარდზე დიდ ბაზრებზე და ისე ძლიერ ბაზრებზე, როგორიც არის ევროკავშირი, როგორიც არის ჩინეთი, როგორიც არის თურქეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები. ეს დიდი გახსნილობა, დიდი პოტენციალია,“ - განაცხადა მარგველაშვილი.