„ჩვენი ქვეყნის დევიზია "ძალა ერთობაშია" და დღეს ჩვენ ვგრძნობთ თქვენთან ერთობას, რაც გვაძლიერებს,“ - ასე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოში სტუმრადმყოფ 7 პრეზიდენტსა და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს.
ისინი პარლამენტში იმყოფებიან, სადაც მრგვალი მაგიდა გაიხსნა.
„დღეს საქართველო ეტაპობრივად და თანმიმდევრულად უახლოვდება ევროკავშირს, ევროპულ გაერთიანებას. ჩვენი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი, რომელშიც ჩვენ გვაქვს ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოებას და მდგრადობას აძლიერებს. 2008 წელს საქართველოს საზღვრები დაირღვა მეზობლის მხრიდან სამხედრო აგრესიით, რასაც ჩვენი ისტორიული რეგიონების ოკუპაცია მოჰყვა. საერთაშორისო საზოგადოების არასათანადო რეაქციის გამო, ჩვენ არ აღმოვჩნდით რუსეთის სამხედრო აგრესიის ერთადერთი მსხვერპლი,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.