20 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
სააკაშვილი თუ საუბრობს ამაზე, ეს ჩემთვის არგუმენტი არ არის - სოფიო კილაძე შალელაშვილთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სკანდალურ განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატის, შოთა შალელაშვილის წინააღმდეგ, მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან.

მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "კვირის აქცენტებში" პირდაპირი ჩართვის დროს საერთაშორისო მაქინაციურ სქემაზე ისაუბრა, რომელშიც სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაადანაშაულა.

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის ტერიტორიაზე ჰაკერულ თავდასხმას იხსენებს, რომელიც თავისი მასშტაბით FBI-ის ისტორიაში ყველაზე მსხვილ ფაქტად ითვლება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, შოთა შალელაშვილი​ საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს საქართველოში, თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ათეთრებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აცხადებს, რომ ჰაკერულ თავდასხმებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. ის ასევე, ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი თუ მოხდა, შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმოქმედონ.

„სამწუხაროდ, ინფორმაცია არ მაქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაზე. მიხეილ სააკაშვილი თუ საუბრობს ამაზე, ეს ჩემთვის არგუმენტი არ არის, მაგრამ, ზოგადად, შემიძლია ის ვთქვა, რომ თუ ასეთ კონკრეტულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, ამას თავისი პროცედურა აქვს და თავისი უწყებები აქვს, მაგრამ მე პირველად მესმის ასეთი ფაქტის შესახებ, ზოგადად, ყველა ადამიანი თანასწორია, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის და ვინ ვისი შვილი. მე ძალიან გამიჭირდება კონკრეტული რაიმის თქმა, იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია ძალიან ახალია ჩემთვის და პირველად მესმის საერთოდ,“ - განაცხადა კილაძემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტის კითხვა, იცის თუ არა, რომ FBI შოთა შალელაშვილის შვილს ჰაკერულ თავდასხმას ედავება, უპასუხოდ დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები