ცვლილებები აქციებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე საკანონმდებლო ინიციატივის შეტანის მიზეზებს განმარტავს.
სოფო კილაძე აცხადებს, რომ კანონპროექტში ცვლილებების შეტანის მიზანი, აქციებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანაა.
სოფო კილაძე სახალხო დამცველის კრიტიკას ეხმაურება. ომბუდსმენი აცხადებს, რომ ცვლილებები უწყებების თანამშრომლებს უზღუდავს მანიფესტაციებში მონაწილეობას, რომლებიც გარკვეულ კავშირში არიან ძალოვან უწყებებთან.
კილაძის თქმით, მმართველი გუნდი ყველა არგუმენტის მოსასმენად მზად არიან.
„ჩვენი მიზანი იყო ტექნიკურად მოგვეყვანა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ არსებობდეს არგუმენტები იმისა, რომ ჩვენ რაღაც არ გავაკეთეთ ისე, როგორც უნდა გაგვეკეთებინა, იმიტომ, არის იგივე NGO-ების ჩართულობა, სახალხო დამცველის ჩართულობა, მთლიანად საზოგადოების ჩართულობა, რომ თუ რაღაც არგუმენტები არსებობს იმისა, რომ ვთქვათ უკეთესი პროექტი მივიღოთ და შესაბამისი კონსტიტუციასთან, ჩვენ ვართ მზად, ჩვენ ვართ ღიად თანამშრომლობისთვის,“ - განაცხადა კილაძემ.
პარლამენტში უკვე შესულია დეპუტატების სოფო კილაძის, ვანო ზარდიაშვილის და ანრი ოხანაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აქციებში მონაწილეობას რიგი სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს უკრძალავს.