ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
შოთა ხაბარელის განცხადებით, პროტესტის მიზეზი სხდომაზე განსახილველი საკითხები გახდა. ხაბარელის თქმით, მისთვის გაუგებარია, როცა კომიტეტის სხდომაზე მწვრთნელის შერჩევის საკითხი განიხილება და არა ქუჩაში გამოსული ძიუდოისტების პრობლემები.
ხაბარელის თქმით, მაშინ, როდესაც ეროვნული ნაკრები პროტესტის ნიშნად არ ვარჯიშობს გაუგებარია, რისთვის ირჩევს ძიუდოს ფედერაცია მწვრთნელს.
„რა თქმა უნდა, პროტესტის ნიშნად დავტოვე. მე ვიცნობ ამ მწვრთნელს არ არის ცუდი მწვრთნელი, მაგრამ დავუსვი კითხვა, ვისი მწვრთნელი უნდა იყოს ეს, იმ ადამიანების ვინც ქუჩაში არიან? კიდევაც ვუთხარი აღმასკომის წევრებს, თითოეულმა თქვენგანმა აიღეთ პასუხისმგებლობა როგორ ინგრევა ძიუდო.
გადავხედავ ვისთან იყო ინტეგრირებული აღმასკომი. ეჭვი მებადება, რომ სურთ ეგეთი გამოსვლები(საპორტესტო) და საქართველოში დაძაბულობის შემოტანა,“-ამბობს ხაბარელი.
დღეს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ახალი სამწვრთნელო შტაბის საკითხზე მსჯელობდნენ, როგორც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, სხდომაზე ძიუდოისტები პროტესტის მიზეზები არ განიხილება.
პარალელურად კი სპორტსმენების პროტესტი გრძელდება. ძიუდოისტები ისევ არ ვარჯიშობენ. ისინი ითხოვენ ქევხიშვილის გადადგომას და ელოდებიან ბიძინა ივანიშვილის პასუხს მათ ერთობლივ მიმართვაზე.