„ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილი ტანძიელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. ისინი პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრას და ტანძიაში არსებულ ვითარებაზე მსჯელობას ითხოვენ. ამ დროისთვის აქციის ორი მონაწილე შიმშილობს.
ტანძიიდან ჩამოსული მოსახლეობის პროტესტი "RMG Gold"-ის საქმიანობას უკავშირდება. ადგილობრივების თქმით, "RMG Gold"-ის მიერ კარიერული წესით ოქროს მოპოვებითი სამუშაოები მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დროს ისინი ეცდებიან აუხსნან მას, თუ რამდენად საშიშია ტანძიელების ჯანმრთელობისთვის ოქროს მოპოვებითი სამუშაოები.
თავდაპირველად პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილებმა ივანიშვილს შეხვედრისთვის ერთ საათიანი ვადა მისცეს, მას შემდეგ კი რაც მათ მოთხოვნას შედეგი არ მოჰყვა, შიმშილობა გადაწყვიტეს.