„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაანონსებულ ცვლილებებს, საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" არ სურს დისკომფორტი შეექმნას.
ენმ ცვლილებათა პაკეტს, რომელიც მმართველი გუნდის მეირ შემუშავდა და რომელიც ადამიანთა ერთ ნაწილს აქციებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობას აუკრძალავს, ადამიანის უფლებების შეზღუდვას უწოდებს.
„მათ არ უნდათ, რომ ვინმემ შეაწუხოს არ ქუჩაში, არც ეკრანზე. თუნდაც იგივე დევნა „რუსთავი 2“-სა და მედიის წინააღმდეგ, ესეც საარჩევნო ძალაუფლების უზურპაციის და ძალაუფლების არასამართლებრივად, არაკონსტიტუციურად შენარჩუნების ერთ-ერთი გზა არის. არ უნდათ, რომ უკმაყოფილო ადამიანები და განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში ჰყავდეთ მათ, როგორც თავისუფალი მოქალაქე, რომელსაც შეუძლია გამოხატოს თავისი უფლება როგორც ცივილიზებული მსოფლიო აკეთებს დღეს. ეს არის ავტორიტარიზმისკენ მიმართული ნაბიჯი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
პოლიციელებისა და ჯარისკაცებისათვის მანიფესტაციების მოწყობის თავისუფლების შეზღუდვას ლეგიტიმურად მიიჩნევს „ევროპული საქართველო“. თუმცა პარტიაში ამბობენ, რომ ფართოვდება სივრცე იმ სფეროების, რომელსაც ეს უფლება შეეზღუდებათ რაც დაუშვებელია.
„მაგალითად ასეთი არის მეხანძრე, ასეთი არის მეტყევე, რომელიც ტყეში თოფით კი იცავს იმას რომ უკანონოდ ხე არავინ არ მოჭრას მაგრამ მას უნდა ჰქონდეს და მას აქვს უფლება მშვიდობიანად გააპროტესტოს მისთვის მნიშვნელოვანი რაიმე თემა. ამიტომ ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით მომეტებული სიფრთხილე გვჭირდება ყველას იმიტომ, რომ საშიშია თავად ტენდენცია, როცა თავისუფლებების შეზღუდვის სფერო ფართოვდება,“-განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.
საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ავტორებიც „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია. დოკუმენტის მიხედვით, აქციებში მონაწილეობა შესაძლოა აეკრძალოთ იმ ადამიანებს ვინც ქვეყანაში თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს. ჩამონათვალში მოხვდნენ რეინჯერები, მეხანძრე მაშველები და ბადრაგის თანამშრომლებიც. რაც სახალხო დამცველისთვის განსაკუთრებით მიუღებელია.