„ქართულ ოცნებაში“ კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ ინიციატივა, რომელიც კონკრეტული პროფესიის მქონე ადამიანებისთვის აქციების ჩატარების უფლებას ზღუდავს, წინააღმდეგობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ საკომიტეტო განხილვების დროს მოხდება პოზიციების შეჯერება, მათ შორის სახალხო დამცველთანაც.
„ჩვენ არ მივიღებთ არავითარ შემთხვევაში ისეთ კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საერთაშორისო პრინციპებთან, რომლებიც არ კრძალავენ შეკრების და მანიფესტაციის უფლებას. შესაბამისად, ჩვენი ის კანონი რომელიც იქნება მიღებული, შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციასთან, რომელიც არის საერთაშორისო სტანდარტების დონეზე აღიარებული და ასევე შესაბამისობაში იქნება შეკრების და მანიფესტაციების გამოხატვის საერთაშორისო პრინციპებთან.ეს არის მუშა პროცესი. რა თქმა უნდა კომიტეტებზე განხილვა იქნება და თუ კი ჩვენ სახალხო დამცველი დაგვარწმუნებს იმაში, რომ კონკრეტულად რაიმე უფლება იზღუდება ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც იქნება კონსესუსით მიღებული,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ავტორებიც „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია. დოკუმენტის მიხედვით, აქციებში მონაწილეობა შესაძლოა აეკრძალოთ იმ ადამიანებს ვინც ქვეყანაში თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს.
ჩამონათვალში მოხვდნენ რეინჯერები, მეხანძრე მაშველები და ბადრაგის თანამშრომლებიც. რაც სახალხო დამცველისთვის განსაკუთრებით მიუღებელია.