საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სკანდალურ განცხადებას, რომელიც „ქართული ოცნების დეპუტატ შოთა შალელაშვილს ეხება, ლევან გოგიჩაიშვილის გამოეხმაურა.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” მდივანი აცხადებს, რომ ინფორმაცია არ აქვს მისი კოლეგების საქმიანობის შესახებ.
„მოცემულობა არის ის, რომ შოთა შალელაშვილი არის საქართველოს პარლამენტის წევრი. არ ვიძიებ ხოლმე საკუთარი კოლეგების პირად სივრცეებს,“ - ამბობს გოგიჩაიშვილი.
გარდა ამისა, ლევან გოგიჩაიშვილი ჟურნალისტის კითხვაზე, იცის თუ არა, რომ FBI შოთა შალელაშვილის შვილს ჰაკერულ თავდასხმას ედავება, ამბობს, რომ შვილის შესახებ ის ინფორმაცია აქვს, რაც მხოლოდ მედიით ვრცელდება.
„მიხეილ სააკაშვილის ბოდვებზე და სისულელეებზე მე არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "კვირის აქცენტებში" პირდაპირი ჩართვის დროს საერთაშორისო მაქინაციურ სქემაზე ისაუბრა, რომელშიც სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაადანაშაულა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, შოთა შალელაშვილი საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს საქართველოში, თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ათეთრებს.