პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს მოქალაქეობის საკითხის განხილვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების კომპეტენცია აღარ ექნება.
მოქალაქეობის მინიჭების-შეწყვეტის-დაკარგვის წესი პრეზიდენტის ბრძანების ნაცვლად, კომისიის დადგენილებით განისაზღვრება.
„ამ ორგანული კანონით შემოდის კონკრეტული პირობები, რა შემთხვევაში შეიძლება ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება. ამ უფლებით შეიძლება ისარგებლოს როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილმა მოქალაქეებმა, ასევე არის საშეღავათო გარემოებები, რომელიც უკავშირდება როგორც განსაკუთრებულ დამსახურებას, ასევე ინვესტიციების განხორციელებას და სხვა გარემოებებს, რომლითაც უფრო გამარტივდება ორმაგი მოქალაქეობის მიღების წესი,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.
ოპოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები პრეზიდენტის ინსტიტუტს დააკნინებს.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ კანონში არის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.
„ერთის მხრივ, პრეზიდენტი არის თამაშ გარე გაყვანილი და თითქოს ეს ბიუროკრატიულ საფეხურებს ამცირებს, მეორეს მხრივ, რომელიღაც კომისიის დონეზე მოქალაქეობის მინიჭების საკითხის დაყვანა ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად კონტროლს დაამყარებს სუს-ი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
კანონთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა, რომელიც ამბობს, რომ არ ეთანხმება იმ ნაწილს, რომ პრეზიდენტს ფუნქციები უმცირდება.
„ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმას, რომ პრეზიდენტს კიდევ უფრო უმცირდება, თავისი ისედაც საკმაოდ შევიწროებული ფუნქციები და ის პრაქტიკულად დისკრეცია, რაც მას ჰქონდა ამ სფეროში, ძალიან მცირდება და შესაძლებელია იყოს ისეთი ვითარებაც, როცა ის საერთოდ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, ისე შეიძლება შეიქმნას და ჩამოყალიბდეს კომისია,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.