20 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
ჩაშლილი ტენდერები - "ევროპული საქართველო"დედაქალაქის მერს მიმართავს

ჩაშლილი ტენდერები და ნეპოტიზმი, საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო” თბილისის მერიას და საკრებულოს უმრავლესობას ამხანაგობის თანადაფინანსების წესში შეტანილი ცვლილების გადახედვისკენ მოუწოდებს.

ფრაქციაში აცხადებენ, რომ ცვლილების შედეგად ქალაქში სახურავების გადახურვა, შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება და სხვა სამუშაოები დროულად ვერ გვარდება.

გასულ წლებში კორპუსების ამხანაგობებს შეეძლოთ თავად მოეძებნათ კომპანია, რომელიც მათ დაკვეთას შეასრულებდა. მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილების შემდეგ კი ცხადდება გაერთიანებული ტენდერები, რომელიც იშლება ან ვერ სრულდება და შედეგად მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება.

„დღევანდელ დღეს ჩვენ ვხედავთ მილიონ ნახევარ ლარამდე ჩაშლილ ხელშეკრულებებს, სამწუხაროა, რომ თბილისის მერიას არ ხელეწიფება აღნიშნული პრობლემების მოგვარება. მივმართავთ თბილისის მერიას მოახდინოს წესში ცვლილება და გაამახვილოს ყურადღება ეს კონკრეტული საკითხი თბილისზე იყოს მორგებული და არა ჩინოვნიკებზე“-აცხადებს საკრებულოს დეპუტატი დავით ჟღენტი.

“ევროპულ საქათველოს“ დღეს თბილისის საკრებულოს უმრავლესობიდან უპასუხეს. მმართველ გუნდში პრობლემას ნაწილობრივ ადასტურებენ, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ ის დროთა განმავლობაში გამოსწორდება.

„გარკვეული ტენდერები წარმატებით სრულდება, გარკვეული ტენდერები იშლება. ასე არის ყველაფერთან მიმართებაში  მათ შორის ქალაქში კეთილმოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით.

როცა ტენდერი იშლება ახალი ტენდერი ცხადდება. შეიძლება გარკვეული შეფერხება დროის თვალსაზრით ამ გარდამავალ პერიოდში არსებობდეს თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანი წესია და იმდენ სიკეთეს გულისხმობს, მე ვფიქრობ ამ გარდამავალ პერიოდსაც წარმატებით გავივლით“-აცხადებს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე.

დღის ამბები