20 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
ეს არის რუსეთის ვასალის, "ცხოველი ასადის" რეჟიმის მიერ დამოუკიდებლობის უკანონოდ აღიარება - პაატა გაფრინდაშვილი

„ეს არის რუსეთის ვასალის, როგორც ტრამპმა თქვა, "ცხოველი ასადის" რეჟიმის მიერ  დამოუკიდებლობის უკანონოდ აღიარება,“ - ასე ეხმაურება მესამე სექტორი სირიის მიერ დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ აღიარებას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ჩნდება კრიტიკული კითხვები, გაკეთდა თუ არა ყველაფერი ამის თავიდან ასაცილებლად.

„ეს არის ცუდი ფაქტი. კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი, გაკეთდა თუ არა ყველაფერი და საკმარისი მუშაობაა ჩატარდა თუ არა იგივე ირანთან ან იგივე  ასადის რეჟიმთან,“ - განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.

სირიის მიერ აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაში რუსულ გავლენებს ხედავს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი.

ნოდარ ხარშილაძე ვარაუდობს, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა აღიარების მორიგი ტალღა დაიწყო, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეს.

„აშკარად რუსეთმა გაააქტიურა და ახალ ტალღას იწყებს აღიარებების და ძალიან ზეაქტიური უნდა იყოს საქართველო, რომ რამენაირად შევუშალოთ ხელი, როგორც  2010-2011 წლებში  გავაჩერეთ პირველი ტალღა. ძალიან ბევრი პირადი  მუშაობა გვჭირდება სხვადასხვა დედაქალაქებში. განსაკუთრებით ისეთ დედაქალაქებში, რომლებიც შეიძლება, მოექცნენ რუსეთის გავლენის ქვეშ,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი კი ვარაუდობს, რომ რუსეთი შეეცდება, აღიარების პოლიტიკის ტალღის შესანარჩუნებლად ისეთ ქვეყნები გამოიყენოს, სადაც საკუთარ ინტერესებს მარტივად ატარებს.

„თეორიულად გამორიცხული არ არის, რომ რაღაც შემდეგი ნაბიჯებიც ჰქონდეს რუსეთს დაგეგმილი იმ ქვეყნებში, სადაც მათი სისუსტეების გამოყენება შეუძლია რუსეთს თავისი ინტერესებისთვის. ძირითადად ასეთი ქვეყნები არიან ხოლმე  კუთხეში მიმწყვდეული დიქტატორები, რომლებიც ბოლოს მაინც  ცუდად ამთავრებენ. იგივე ვენესუელას მაგალითი შეგვიძლია, გავიხსენოთ,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები