20 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
გამოძიებაც კი არ იყო დასრულებული, როდესაც შოთაძემ ღიად განაცხადა, რომ ბრალდებულთა რიცხვი არ გაიზრდებოდა - ზაზა სარალიძე

„ფაქტია, თავიდანვე ცდილობდნენ, მხოლოდ და მხოლოდ ეს ორი ბრალდებული მიეყვანათ საბოლოო განაჩენამდე,“ - ეს განცხადება დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ,  არჩევანის ეთერში გააკეთა.

ზაზა სარალიძის თქმით, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ მოზარდების დაჭრაში ორზე მეტი პირი მონაწილეობდა. ზაზა სარალიძე კიდევ ორი ადამიანის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს.

„გამოძიებაც კი არ იყო დასრულებული, როდესაც შოთაძემ ღიად განაცხადა, რომ ბრალდებულთა რიცხვი არ გაიზრდებოდა, კატეგორიულად განაცხადა, რომ არ გაიზრდებოდა. ფაქტია, თავიდანვე ცდილობდნენ, მხოლოდ და მხოლოდ ეს ორი ბრალდებული მიეყვანათ საბოლოო განაჩენამდე, რასაც არანაირად არ ვეთანხმები. კი ბატონო, ეს ორი ადამიანი არის დამნაშავე, მიიღო დაჭრაში მონაწილეობა, უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, თუ რა წვლილი მიუძღვის დანაშაულში, მაგრამ არის კიდევ ორი ადმიანი, რატომ მალავენ, რატომ აფარებენ ხელს, რომელიც აბსოლუტურად ნათლად ჩანს საქმის მასალებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის თქმით, ჩვენებები შეცვლილია და დარღვევებით მიმდინარეობს გამოძიება.

ზაზა სარალიძის განცხადებით, როდესაც აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებს ესაუბრა, მათ აღნიშნეს, რომ ბრალდებულთა რაოდენობის გასაზრდელად მტკიცებულებები არა აქვთ.

დავით სარალიძის მამა დაჭრის შემდეგ საავადმყოფოში გატარებულ პერიოდს იხსენებს და აცხადებს, რომ იქ მისულ ბავშვებთან გასაუბრების შემდეგ უკვე დარწმუნებული იყო, რომ რამდენიმე პირი მონაწილეობდა მისი შვილის დაჭრაში.

ზაზა სარალიძე ასევე აცხადებს, რომ ფარდულის, სადაც მკვლელობა მოხდა, ზუსტი აღწერა არ დევს საქმეში. სარალიძის თქმით, გამომძიებლებმა მის კითხვაზე, თუ რატომ დაანგრიეს ფარდული, უპასუხეს, რომ ის კერძო საკუთრებას წარმოადგენდა და ხელს ვერ შეუშლიდნენ.

ზაზა სარალიძის თქმით, ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელიც სამძიმარზე მივიდა მათთან, უთხრათ, რომ დავით სარალიძეს, დაახლოებით, 4 ადამიანი ურტყამდა.

ზაზა სარალიძის თქმით, კიდევ ერთი თვითმხილველი, რომელიც ყვებოდა, რომ დავით სარალიძეს 4 ადამიანი ურტყამდა დანას, პროკურატურას დიდი თხოვნის შემდეგ მიაყვანინა სასამართლოზე დაკითხვის მიზნით. მისი თქმით, მოწმემ ჩვენება შეცვალა.

„ფაქტი სახეზეა, რომ ფხაკაძემ რაღაც ზეწოლა განახორციელა ამ ადამიანზე. რა უნდოდა ფხაკაძეს შემთხვევის ადგილას წინა დღეს, როცა ეს მოწმე უნდა მოეყვანა. რატომ შეხვდა ამ მოწმეს იქ და რატომ არ დაიბარა პროკურატურაში,“ - განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის თქმით, ნივთმტკიცებულებები დაზიანებულია, მათ შორის, დანა. სარალიძის განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დააზიანა დანა, რათა განმეორებით ექსპერტიზის ჩატარება არ მოხდეს. 

ის იმედოვნებს, რომ მოსამართლე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. მისი თქმით, დაკავებული ორი პირი კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ, თუმცა, კიდევ უნდა გამოვლინდნენ სხვა პირებიც. 

დღის ამბები