არაგონივრული რჩევის შედეგი - ასე უწოდებენ ვაშინგტონში სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, ასადის რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ჰიზერ ნოიერტის თქმით, ვაშინგტონისთვის სირიის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
"სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ფაქტი, ჩვენთვის სრული მოულოდნელობა არ ყოფილა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბაშარ ალ ასადის რეჟიმს რუსეთის რეჟმი უჭერს მხარს. რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის, მისი დამოუკიდებლობის და ტეროტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასადის რეჟიმის გადაწყვეტილებას კი ჩვენ არაგონივრული რჩევის შედეგს ვუწოდებთ და მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან ან ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციასთან,"-აცხადებს ჰიზერ ნოიერტი.