20 ნოემბერი 2024,   07:19
ვრცლად
რუსეთთან გამკლავება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არავის უნდა ასწავლოს - საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებს სირიის აღიარებით სპეკულირებაში ადანაშაულებს

ასადის რეჟიმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან დიპლომატიურ შეცდომებსა და ზოგადად უმოქმედობაზე საუბრობს.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ამ საკითხს ოპონენტები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.

„რუსეთის მანიპულირებით ასადის რეჟიმმა მიიღო უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ე.წ. სახელმწიფოების აღიარებასთან დაკავშირებით.  ეს არის საერთშორისო სამართლის ნორმების დარღვევა, რა თქმა უნდა, და ასადის რეჟიმთან საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს მკაფიო შეფასებები.

ბუნებრივია, ეს არაღიარების პროცესში ვერანაირ ცვლილებას ვერ შეიტანს, ეს არის რეჟიმებისთვის მოჩვენებითი აღიარება. ჩვენ  გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებებით, ასადის რეჟიმის გადაწყვეტილების შეფასება, რომ თითქოს ეს ქართული დიპლომატიის შეცდომაა, მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა.

„რუსეთთან ურთიერთობა და რუსეთთან გამკლავება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არავის არ უნდა ასწავლოს. თუ რაიმე ყველაზე არაეფექტური პოლიტიკა შეიძლება ყოფილიყო ქვეყანაში მათ ჰქონდათ ასეთი პოლიტიკა. სრულიად არაკეთილსინდისიერი  პოლიტიკური სპეკულაციები გვესმის და უბრალოდ ყველაფერს აქვს საზღვარი,“-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა კი აცხადებს,რომ საერთაშორისო საზოგადოებასაც და საქართველოსაც მკვეთრი პასუხი ჰქონდა ასადის რეჟიმის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარების შესახებ.

ამავე თემაზე
დღის ამბები