20 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
"საქართველო არის ავად და მას სჭირდება მკურნალობა" - ენმ IRI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება

IRI-ის კვლევის შედეგებს საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ვითარებაა და ამან განაპირობა ინსტიტუციების მიმართ ნდობის შემცირება, რაც კვლევის შედეგებშიც აისახა. ოპოზიციის შეფასებით, IRI-ის კვლევის შედეგებით დასტურდება, რომ მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. 

„რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ ის, რომ მოქალაქეები უკმაყოფილოები არიან ეკონომიკური სიტუაციით, მათი ნდობა ყველა ინსტიტუციის მიმართ შემცირებულია. ის, რომ ისინი გამოსავალს ვერ ხედავენ, იმ ჩიხიდან, სადაც საქართველო იმყოფება უკვე 6 წელია, ის, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი სრულიად სამარცხვინოა, ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რეალობას ასახავს და საკმაოდ ზუსტად - საქართველო არის ავად და მას სჭირდება მკურნალობა. მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ამ ე.წ. ხელისუფლების გამოცვლით,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ოპოზიცია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, პარტიები ერთიან კანდიდატს დაასახელებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მმართველი პარტიის კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს.

„ქვეყნის მოსახლეობის 67% ამბობს, რომ არასწორად ვითარდება ქვეყანა, როცა მოსახლეობის 63% ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, როცა ხალხის 55% ამბობს, რომ კორუფციაში ეფლობა ხელისუფლება, 73% ამბობს, რომ კრიმინალი გაიზარდა,  უნდა დაიხუროს მილიარდერმა მმართველმა ქუდი და წავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება დაახურავს ქუდს და გაუშვებს მართვის სადავეებიდან,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები