„ევროპული საქართველო“ IRI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება. ოპოზიციური პარტიისთვის კვლევის ის შედეგია მნიშვნელოვანი, სადაც პერსონალური რეიტინგების მიხედვით დავით ბაქრაძე ლიდერობს.
„ევროპული საქართველოსთვის“ ყველაზე სასიხარულო და მნიშვნელოვანი მაჩვენებელი არის ის, რომ პარტიის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს მხარდაჭერის, მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის,“- განაცხადა გიგი უგულავამ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებაზე ისაუბრა, რაც IRI-ის კვლევის შედეგებშიც გამოიკვეთა.
„როგორც ერთ დამპალ ვაშლს ჩადებ კალათაში და შემდეგ ყველა ვაშლს გადაედება, „ქართულმა ოცნებამ“ დაგვინგრია ყველა მთავარი - ინსტიტუტების მიმართ რწმენა, ინსტიტუტების, როგორიც არის პოლიცია, იუსტიციის სახლი. კორუფცია, როგორც მეტასტაზი, როგორც დამპალი ვაშლი, „ქართული ოცნების“ პირობებში მოედო მთელ ინსტიტუციებს. ამან განაპირობა მათ შორის ის, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების მხარდაჭერა ვარდება. „ქართულმა ოცნებამ“ გაფუჭა ინსტიტუტები, ინსტიტუტების ვარდნამ გამოიწვია „ქართული ოცნების“ ლიდერების მხარდაჭერის ვარდნა, იმიტომ, რომ მათ პერსონალური არაფერი გააჩნიათ,“- განაცხადა გიგი უგულავამ.