20 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
"სომხურ-ქართულ ურთიერთობებში არ არსებობს გადაუწყვეტელი საკითხები, მთავარი ფაქტორი აქ განწყობა და სურვილია“ - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს პრეზედენტთან შეხვედრამდე სომხეთის პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარეს და ქართველ კოლეგას შეხვდა. მოლაპარაკებები ამის შემდეგ ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

„დღევანდელ შეხვედრაზე მე და ჩემმა კოლეგამ განვიხილეთ თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. ხაზი გავუსვით ჩვენს მისწრაფებას, გვქონდეს ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი. შევეხეთ არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. ასევე, ვისაუბრეთ თანამშრომლობის განვითარების ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები და ა.შ.”-განაცხადა საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

სომხეთის პრემიერმა, რომელიც საქართველოში პირველი ვიზიტით იმყოფება ხაზი გაუსვა ხავერდოვანი რევოლუციის დროს საქართველოს მხირდან გამოხატულ მხარდაჭერას.
მან ასევე ისაუბრა, სომხეთში რევოლუციის დროს ქართველი ჟურნალისტების მუშაობაზე.

„შევთანხმდით, რომ ის ატმოსფერო, რომელიც სომხურ-ქართულ ურთიერთობებშია და რომელიც ყოველთვის იყო პოზიტიური, გადავიყვანოთ ახალ დინამიკაში, კონკრეტულ შედეგებში, მათ შორის - ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები. სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის გააქტიურების მეშვეობით, ჩვენ შევძლებთ კონკრეტული შედეგების დაფიქსირებას ორმხრივი ურთიერთობების მრავალ სფეროში.

ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს საზოგადოების დამოკიდებულებით სომხეთში აპრილ-მაისში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის მიმართ. ჩვენ გვახსოვს ქართველი ჟურნალისტების აქტიური მონაწილეობა. აქ ვხედავ ნაცნობ სახეებს, რომლებიც ჩვენთვის უკვე ახლობელია. ბოლო 15-20 დღის განმავლობაში ჩვენ მათ ხშირად ვხედავდით და მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ისევ შევხვდი. ვფიქრობ, ეს ინტერესი შენარჩუნებული იქნება არა მხოლოდ დიდი პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტისას, არამედ საერთო ურთიერთობებში. აღსანიშნავია, რომ სომხურ-ქართულ ურთიერთობებში არ არსებობს გადაუწყვეტელი საკითხები, მთავარი ფაქტორი აქ განწყობა და სურვილია“-განაცხადა ფაშინიანმა.

 

დღის ამბები