03 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
თამარ ხაჭაპურიძე იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაკითხვაზე დაიბარეს

ასოციაცია „მომავლის იმედის” ხელმძღვანელი იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაკითხვაზე დაიბარეს. თამარ ხაჭაპურიძე საქართველოდან ჩვილების უკანონო გზით გაყვანის თაობაზე გაკეთებული განცხადებების გამო გამოიძახეს.

ასოციაცია „მომავლის იმედის” ხელმძღვანელის თქმით, მან გუშინ იუსტიციის სამინისტროში მიიტანა სუროგატი დედების პასპორტების ასლები და მშობიარობის ცნობები. ხაჭაპურიძის მტკიცებით, სწორედ მათ მიერ გაჩენილი ბავშვების დაბადების მოწმობები გასცა ყალბი მონაცემებით იუსტიციის სამინისტრომ.

„ამ დოკუმენტებმა შოკში ჩააგდო გამომძიებელი და ის მთელი ორი საათის განმავლობაში ცდილობდა ჩემზე ზეწოლა მოეხდინა, რათა გასაუბრების ოქმში როგორმე ჩაწერილიყო, რომ იუსტიციის სამინისტრო უდანაშაულოდ მიმაჩნდა. მე ხელს ვერ მოვაწერდი იმას, რასაც არ ვამბობდი და უბრალოდ, ამიტომ წამოვედი,” - განაცხადა ასოციაცია „მომავლის იმედის” ხელმძღვანელმა თამარ ხაჭაპურიძემ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკითხვის დროს დაადგინეს, რომ თამარ ხაჭაპურიძეს კონკრეტული ფაქტები არ გააჩნია და ვერც მტკიცებულებები წარადგინა. მან არც გასაუბრების ოქმს არ მოაწერა ხელი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები