მთავარი პროკურატურიდან აქცია რუსთაველზე გადაინაცვლებს - ამის შესახებ განცხადება, „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ გააკეთა.
აქციის მონაწილეები კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.
ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომის განცხადების გავრცელების შემდეგ აღნიშნეს, რომ უნდა შეიქმნას სამოქალაქო ჯგუფი. მათი თქმით, ამ ჯგუფმა უნდა შეარჩიოს მთავარი პროკურორობის კანდიდატი და წარუდგინონ პარლამენტს.
„მინდა მადლობა გამოვუცხადო ქალბატონ ეკა არეშიძეს , რომელმაც ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა და სისტემას არ დაემორჩილა. სანამ სისტემა არ დაინგრევა მანამდე ვიდგები იქ“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
დღეს აქცია პროკურატურის წინ დილიდან მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც მთავარი პროკურორის გადადგომას ეხებოდა, შესრულდა.
ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. განცხადება რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.