არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე - აქცია დავით სარალიძის მკვლელობის მფარველობაში ბრალდებული უწყების შენობასთან, ზუსტად 12 საათზე დაიწყო.
ზაზა სარალიძის და ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის ოჯახის წევრები, სასამართლო განაჩენის მოსმენისთანავე მთავარ პროკურატურასთან მივიდნენ. პროკურატურის შენობასთან, დღეს პირველად გამოჩნდა, მოკლული დავით სარალიძის დედა.
დღეს საქალაქო მოსამართლემ ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა.
ოჯახიც და პოლიტიკოსებიც ფიქრობენ, რომ ნამდვილ მკვლელებს პროკურატურა და მთელი ხელისუფლება კონკრეტული მიზეზით მფარველობს.
ზაზა სარალიძეს სოლიდარობა პროკურატურის შენობასთან დღეს ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა გამოუცხადა. საპარალამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები, გარდაცვლილის ოჯახთან ერთად, ირაკლი შოთაძის და ყველა პროკურორის გადადგომას მოითხოვდნენ, ვინც მკვლელების ვინაობის დაფარვაში და მტკიცებულებების განადგურებაში მონაწილეობდა.
ოპოზიციის ნაწილი დღეს აცხადებდა, რომ ხელისუფლება მირზა სუბელიანის დასჯას მისი ნათესაური კავშირების და იმ კომპრომატების გამო ვერ ბედავს, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსანთან ინახება და ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას ასახავს.
საპროტესტო აქციას, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და გიორგი მარგველაშვილის ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ.
ზაზა სარალიძეს დღეს სოლიდარობა იმ მშობლებმაც გამოუცხადეს, რომლებიც შვილების მკვლელების დასჯას, ზაზა სარალიძის მსგავსად, უკვე დიდი ხანია, უშედეგოდ ელოდებიან.
აქციის მონაწილეები მკვლელობაში დამნაშავე ყველა პირის და მაღალჩინოსნის დასჯამდე არ აპირებენ.