საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მთავარი პროკურორი მთელი დღის განმავლობაში ეძებდა ვითარებიდან გამოსავალს.
პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისა და სახალხო პროტესტის გასანეიტრალებლად, საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი შოთაძე თითქმის ყველა დათმობაზე წავიდა. ღია ეთერში მთავარმა პროკურორმა პირველად არ გამორიცხა მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობა.
ისაუბრა ალტერნატიული ექსპერტიზის აუცილებლობაზე, განაცხადა, რომ მზად არის ჩართოს საქმეში უცხოელი პროკურორები და ექსპერტები. თუმცა უცხოელი სპეციალისტების მიერ ახალი გამოძიების დაწყება მიუღებელი აღმოჩნდა ზაზა სარალიძისთვის. მისი განცხადებით, პროკურატურამ უკვე გააქრო ექსპერტიზისთვის საჭირო მტკიცებულებები და მასალა.
დღეს მტკიცებულებების განზრახ დაზიანებაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის მხარდამჭერ აქციაზე მისულმა ელისო კილაძემაც ისაუბრა.
იმას რომ მტკიცებულებების ნაწილი ექსპერტიზას არ ექვემდებარება, ადასტურებენ საქართველოში უკვე მოწვეული ბრიტანელი სპეციალისტები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ამ თემაზე "კურიერთან" ისაუბრეს.
ბრიფინგის დაწყებამდე და დასრულების შემდეგაც ირაკლი შოთაძემ ზაზა სარალიძეს რამდენიმეჯერ შესთავაზა შეხვედრა. შეთანხმება ვერ შედგა, მოკლული დავით სარალიძის მამა პროკურორთან კამერების თანდასწრებით ითხოვდა გასაუბრებას, რაზეც პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა უარი განაცხადა.
ირაკლი შოთაძემ მოსამართლე არეშიძის გადაწყვეტილებით უკმაყოფილება არ დამალა. მთავარმა პროკურორმა გადადგომამდე ისიც განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.