20 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
ზაზა სალარიძის მხარდასაჭერად აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა

ზაზა სალარიძის მხარდასაჭერად აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა. ზაზა სალარიძის მხარდასაჭერად ბათუმში მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიები.

„ვბრუნდებით 90-იან წლებში“, „ნუ მოკლავ“, „სისტემა უნდა დაინგრეს“ - ამ პლაკატებით ბათუმელები ხორავას ქუჩის ტრაგედიას ეხმაურებიან. ბათუმში აქციაზე ასევე იმყოფებიან არასრულწლოვანი ანრი გოგიტიძის ოჯახის წევრები, რომელიც 2 წლის წინ საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს და ოჯახის წევრების განცხადებით დამნაშავე კვლავ დაუსჯელია.

სოლიდარობის აქცია გაიმართა დღეს გორში. აქციაზე მოსულმა ადამიანებმა დაგმეს ძალადობა და შეუერთდნენ ზაზა სალარიძის მოთხოვნებს.

"ნუ მოკლავ" - ამ ლოზუნგით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა თელავშიც. ქალაქის მთავარ მოედანზე არასამთავრობო და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს და ხელისუფლებას ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდეს.

სოლიდარობის აქცია გაიმართა ოზურგეთში. აქცია, სპონტანურად, სოციალური ქსელებით დაიგეგმა, აქციაზე მოქალაქეებთან ერთად მესამე სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები, ადგილობრივი დეპუტატები იმყოფებიან.

,,ნუ მომკლავ"" - სოლიდარობის აქცია ამ სახელწოდებით ფოთშიც გაიმართა. ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ფოთელები ქალაქის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ, მათ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მომხდარის ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

აქციაზე შეიკრიბნენ ზუგდიდელებიც. ტრანსპარანტებით მისული ადამიანები ხორავას ქუჩაზე მოკლული ბავშვების მშობლებს სოლიდარობას უცხადებდნენ.

სოლიდარობის აქცია გაიმართა ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. მოქალაქეები ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას უცხადებდნენ და ამბობდნენ, რომ ყველამ უნდა დაინახოს, რომ უმნიშვნელოვანესია ასეთ დროს ერთად დგომა.

მოქალაქეები, ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამარლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით, აქციამ ქუთაისში პარლამენტის შენობასთან გადაინაცვალა.

დღის ამბები