სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე „არჩევანის“ეთერში საუბრობს.
ნინო ლომჯარიას თქმით, მისი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ორი მოზარდის მკვლელობაში ორი პირის გარდა კიდევ სხვებიც მონაწილეობდნენ.
„ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობ, რომ იყო მოსალოდნელი, თუმცა, მაინც ვთვლი, რომ ძალიან რთული გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამართლიანი,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.
ომბუდსმენის თქმით, ექსპერტიზის მეორე დასკვნიდან ჩანდა, რომ სასიკვდილო ჭრილობა საქმეში არსებული დანით არ იყო მიყენებული, რაც იმის პირობას ქმნიდა, რომ გამოძიება სხვა პირების მონაწილეობასთან დაკავშირებითაც დაწყებულიყო.
„ნაცვლად გამოძიების დაწყებისა, ჩვენ დავინახეთ, რომ პროკურატურა იყო პრინციპულ პოზიციაზე და მან დაამტკიცა, რომ სხვა პირები არ იყვნენ მონაწილეები მკვლელობის საქმეში, ეს არის ნამდვილად შემაშფოთებელი,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიას თქმით, საქმის მასალებზე წვდომა მალე ექნებათ. მისივე განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი კითხვა გამოძიებასთან დაკავშირებით არის ის, რომ რატომ ჰქონდა პროკურატურას მხოლოდ ერთი მიმართულებით სცენარი და სხვა მონაწილე პირების არსებობას არ უშვებდა.
ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ ამის მიზეზი ხელის დაფარების მცდელობაც შეიძლება იყოს და ასევე, არასათანადო გამოძიება.
ნინო ლომჯარია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ კომისიას პროკურატურის ინტერესების გამოძიება შეუძლია.