„ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ,“ - ეს განცხადება, ზვიად კუპრავა გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. კუპრავას თქმით, პარლამენტის წინ კარვები გაიშლება, რათა მოქალაქეებმა მოახერხონ, წვიმას თავი შეაფარონ. გარდა ამისა, კუპრავა აცხადებს, რომ ხვალიდან აქცია კვლავ განახლდება.
„აქ დგას 50 ათასი ადამიანი და აპროტესტებს იმ უსამართლობას, რომელიც ჭირს საქართველოს და ითხოვს სისტემის დანგრევას. ჩვენ აქედან არ წავალთ,“ - აღნიშნა კუპრავამ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს, რომ თავდაპირველად, ზაზა სარალიძე პროკურატურას ნდობას უცხადებდა და მას რაიმე პრეტენზია საგამოძიებო უწყების მიმართ არ ჰქონდა. თუმცა, კუპრავას თქმით, რაც დრო გადიოდა, სისტემატურად ხდებოდა ახალ-ახალი ცრუ ინფორმაციის გავრცელება, ასევე მოწმეების დაშინება და ამის შემდეგ, ზაზა სარალიძემ პროკურატურის მიმართ ნდობა დაკარგა.
„ჩვენ დღეს ვნახეთ შედეგი, რომ სისტემა შეეცადა, დაეჩაგრა ზაზა სარალიძე, მაგრამ თქვენ ხედავთ, მთელი საქართველო გამოვიდა სისტემის წინააღდეგ, დაუდგა ზაზა სარალიძეს გვერდით და ვეღარ დაჩაგრა სისტემამ ზაზა სარალიძე და სისტემა იძულებული გახდა, ერთი ნაბიჯით, მაგრამ მაინც დაეხია უკან,“ - ამბობს კუპრავა.
კუპრავა მოთხოვნებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ზაზა სარალიძის მოთხოვნებია, დაისაჯოს ყველა კატეგორიის დამნაშავე პირები. ასევე, გადადგეს საქართველოს მთავრობა.