ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაიბარებს და საქმეს პირადად მინისტრი უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
პრემიერმა პარლამენტის წინ აქციაზე მისვლის შესახებაც ისაუბრა, სადაც მას აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ელოდა პროვოკაციებს.
პრემიერის თქმით, შს მინისტრი უხელმძღვანელებს ხორავას ქუჩის გამოძიების საქმეს.
„ხვალ დილიდან შსს დაიბრუნებს საქმეს პროკურატურისგან გამოძიების პროცესში და ვიცე პრემიერი, გიორგი გახარია წაიყვანს გამოძიების პროცესსა, ის იქნება ხელმძღვანელი ამ პროცესის და რა თქმა უნდა, მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული და გავაკონტროლებ მთლიანად პროცესს,“ - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, კარგი იქნება თუ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში უმცირესობა უმრავლესობად იქნება წარმოდგენილი.
„დღეს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, უმოკლეს ვადაში რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება პარლამენტი და დაამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, სადაც რამდენადაც მე ვიცი, შესაძლებელია და კარგიც იქნება ამ შემთხვევაში, რომ უმცირესობა იქნეს წარმოდგენილი უმრავლესობის სახით და უმოკლეს პერიოდში დაიწყებს კომისია მუშაობას,“ - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი ირაკლი შოთაძის გადადგომის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ღირსეულ ნაბიჯად აფასებს.
პრემიერის თქმით, იუსტიციის მინისტრს უკვე მოუწოდა, რომ საზოგადოების ფართო ფენების ლეგიტიმაციით მოხდეს ახალი მთავარი პროკურორის არჩევა.