საპარლამენტო ოპოზიცია ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მათი თქმით, ათავარი პროკურორი უნდა იყოს ყველა ჯგუფისთვის სანდო. თუმცა ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არის კრიზისი და მდგომარეობას მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაარეგულირებს.
„პროკურორის გადადგომის გასაღება ხელისუფლების ადეკვატურ ნაბიჯად, არის სასაცილო, მით უმეტეს, ორმაგად სასაცილოა, როდესაც პროკურორი უნდა დანიშნოს წულუკიანმა, რომლის გადადგომას და ძალოვნების გადადგომასაც ითხოვს საზოგადოება და შეუძლებელია, რომ მთავრობამ, რომელიც არის გაკოტრებული და ნდობადაკარგული, პროკურორი ისე შეარჩიოს, რომ მან შეძლოს საზოგადოების ნდობის დამსახურება. ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობის პირი დანიშნული უნდა იყოს ოქტომბრამდე, ოქტომბერში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, საპრეზიდენტოსთან ერთად და ახალი ხელისუფლება ახალ სტრუქტურებს ჩამოაყალიბებს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავარი პროკურორი ფართო საზოგადოებრივი კონსესუსის მეშვეობით უნდა შეირჩეს.
„ვერც ერთი კანდიდატურა, რომელსაც „ქართული ოცნება“ შეარჩევს, ვერ ისარგებლებს საზოგადოების ნდობით. ასეთი კანდიდატურა უბრალოდ იქნება მორიგი შოთაძე, რომელიც ივანიშვილის წნეხის ქვეშ მოექცევა და ვერცერთ გახმაურებულ საქმეზე რეალურ შედეგს ვერ დადებს, შესაბამისად, საზოგადოებას კითხვები დარჩება. ჩვენ ვთვლით, რომ პროკურორი ფართო საზოგადოებრივი კონსესუსით უნდა შეირჩეს და ამას მივესალმებთ და ამაში ვიქნებით ჩართულები, მაგრამ ის ვითარება, რომელიც იყო გუშინ, ბოლო დღეების განმავლობაში ნათლად ადასტურებს, რომ ვერანაირი ახალი პროკურორის შერჩევა და დანიშვნა ამ კრიზისს ვერ განმუხტავს. ამ კრიზისის ერთადერთი განმუხტვის ერთადერთი გზა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.