„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ ლოგიკურია. გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლება ცდება, თუ ჰგონია, რომ აქციის მუხტი მთავარი პროკურორის შეცვლით დაცხრება.
მისი თქმით, არსებულ პროტესტს მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა განმუხტავს.
,,ამ ტრაგედიის ეფექტური გამოძიებისთვის ფუნდამენტური საკითხია, რომ ახალი პროკურორი იყოს ფართო საზოგადოებრივი ნდობის მქონე ფიგურა. მნიშვნელოვანია ასევე ოპოზიციური კონტროლის ქვეშ მყოფი საპარლამენტო კომისია, მაგრამ განსაკუთრებით პრემიერ მინისტრის გუშინდელი საქციელის ფონზე, ეს ნაბიჯებიც კი ვერ განმუხტავს ბოლომდე პოლიტიკურ კრიზისს და ლოგიკურია ის მოთხოვნა, რომელიც გაისმა აქციაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე.
მხოლოდ ეს შეძლებს განმუხტოს ვითარება. ხელისუფლება ღრმად ცდება თუ კი ელოდება ამ პროტესტის ნელ-ნელა ჩაცხრობას. ეს დიდი შეცდომაა მათი მხრიდან,’’ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.