„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება. რატიანის თქმით, აქციიდან აშკარა გახდა, თუ რამდენი ადამიანი უჩივის ქვეყანაში არსებულ უსამართლობას.
„ამ შემთხვევამ გამოავლინა ფაქტობრივად ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელიც დღეს არის საქართველოში, ის კრიმინალური მდგომარეობა, რომელიც დღეს არის საქართველოში და მეორე მხრივ, პროკურატურა, რომელიც პირველ რიგში, არის კორუფციის , ხოლო მეორე რიგში, სრულად მოშლილი,“ - განაცხადა რატიანმა.
სერგო რატიანი პრემიერ კვირიკაშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ნაცვლად შეცდომების აღიარებისა, ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მადლობა გადაუხადა.
სერგო რატიანის განცხადებით, როდესაც ხორავას ქუჩის საქმის გამოძიება კვლავ შსს-ში დაბრუნდა, ეს ნიშნავს, რომ პროკურატურა აღარ არსებობს.
ევროპული საქართველოს" წევრმა აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია.
სერგო რატიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი მთავარი პროკურორი ფართო კონსენსუსის შედეგად უნდა აირჩიონ და "ქართული ოცნების" წარმომადგენელი არ უნდა იყოს.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.
პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია უკვე მეორე დღეა, რაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ.
აქტივისტები ასევე, გამოძიებისთვის ხელის შეშლაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.