20 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს - პარტიების ლიდერები "ლეიბორისტების" ოფისში იმყოფებიან

საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იმყოფებიან და სამოქმედო გეგმას ათანხმებენ. შეხვედრა, დაახლოებით საათნახევარია მიმდინარეობს.

ოპოზიციის თქმით, სამოქმედო გეგმას, რომელიც შეიძლება მემორანდუმის სახით ჩამოყალიბდეს, 18:00 საათზე გააჟღერებენ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიცია ვალდებულია ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს.

„ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ადამიანები არ გაისრისონ. აქ აღარ არის საუბარი, რომ ეს ადამიანები იჩაგრებიან, ხალხო. ეს ადმიანები ისრისებიან სისტემის მხრიდან. ეს ადამიანები დახმარებისთვის, გვერდში დგომისთვის მოგვიწოდებენ და ვალდებულები ვართ დავუდგეთ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც იყენებს თავის ვიწროპარტიულ ინტერესს არის „ქართული ოცნების“ საოცნებო ხაზი, უნდათ ასე მონათლონ ეს პროცესი. ისე კი არ უნდათ მონათლონ, რომ ორი ვერაგულად მოკლული შვილების მამები დგანან დღეების განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანებისთვის პასუხი გაეცათ, დასცინიან,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად „ევროპული საქართველო“ მართავს. სერგო რატიანის თქმით, ოპოზიციასთან თანამშრომლობის შესახებ კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.  

„ჩვენ პირველივე წუთებიდან ვიყავით ზაზა სარალიძის გვერდით, მთელი ამ მიტინგების მანძილზე მიტინგზე ვიყავით. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ მიტინგი გაგრძელდეს,“- განაცხადა სერგო რატიანმა.

პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მთავარია, ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდეს, მოთხოვნები კი უცვლელია - გადადგეს ხელისუფლება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.  

„ამ მოთხოვნის მისაღწევად ჩვენ სწორი გეგმა უნდა გავწეროთ, რომელიც უნდა შევათანხმოთ მაჩალიკაშვილთან, სარალიძესთან და მათთან ერთად მოქმედებაში უნდა ვიყოთ,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

არასაპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მიზნის მისაღწევად მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდეს.

„ქვეყანა შესულია ძალიან ღრმა პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ კრიზისში. აქ გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვან პოლიტიკურმა პარტიებმა, მიუხედავად სიმპატია-ანტიპატიისა, წარსული ამბების გახსნება-არგახსენებისა,“- განაცხადა „ლეიბორისტების“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები