პარლამენტის შენობასთან აქცია უნდა დაიწყოს. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან.
მოთხოვნები უცვლელია - ისინი სისტემის შეცვლას და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები ოპოზიციის განცხადებას ელოდებიან. პარტიის ლიდერებს შორის კონსულტაციები გაიმართა. ისინი სამოქმედო გეგმაზე შეჯერდნენ.
პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძის მისვლას და მის მიერ აქციის დატოვებასაც გამოეხმაურა.
"რა დღეშია ხელისუფლება, ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სადამდე დაეცით, რას ჩადიხართ, რა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ამყოფებთ ამ ადამიანს. მაგარი გადაწყვეტილება იყო ზაზას მხრიდან, რომ მივდა აქციაზე. მან განაცხადა, რომ სადაც არ უნდა იყოს შეკრება ადამიანების მისი მხარდამჭერი, ყველგან მივა და როგორ გამოისტუმრეს. პოლიტიკური არ არისო და "ქართული ოცნების" პარტიის წევრები დაახვედრეს. არ გრცხვენიათ? როგორ იქცევით? გადაწყვეტილებას ზაზასთან ერთად, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად მივიღებთ. ჩვენ მისგან ველოდებით ინფორმაციას, მან ითხოვა დრო, რომ ამ ფსიქოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, გონზე მოვიდეს, შეურაცხყოფილი იყო. დღეს განცხადება მას უნდა გაეკეთებინა,“- განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
პარლამენტის შენობასთან იმყოფება "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ზაზა სარალიძეზე ზეწოლა ხორციელდება.