20 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - კანონმდებლები საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტების საკითხზე იმსჯელებენ 

დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, რომელმაც თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმე უნდა შეისწავლონ, მმართველი გუნდის და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები დღეს იმსჯელებენ.

დღევანდელ შეხვედრაზე კანონმდებლები კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერებას შეეცდებიან.

საკითხი დასამტკიცებლად რიგგარეშე სხდომაზე უახლოეს პერიოდში გავა. ამის შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, რამდენიმე დღეში გაიმართება კომისიის პირველი სხდომაც.

„დღის განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები და კონსულტაცია ოპოზიციასთან და ძალიან მოკლე დროში უკვე კომისია შეუდგება საქმიანობას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ძალიან დეტალურად გავეცნოთ ამ საქმეს და მოვხსნათ ის კითხვები, რომელიც სარალიძის ოჯახს და საზოგადოებას აქვს,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კონსულტაციებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა "ნაციონალურმა მოძრაობამ". პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ შეხვედრას შედეგი არ მოჰყვება.

„დღეს შექმნილ ვითარებაში არ მგონია, რომ ეს იყოს მთავარი. ფაქტობრივად ეს არის პროცედურული რუტინის დაწყება და რეალურად უფრო იმიტაციაა პრობლემის გადაჭრისა,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრები კი აცხადებენ, რომ კომისიის შემადგენლობა ძირითადად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებით უნდა დაკომპლექტდეს.

„კომისიაში უნდა იყოს ოპოზიცია უმრავლესობით წარმოდგენილი. სხვაგვარად საზოგადოებრივი ნდობა, თუკი მასში მთავრობის წარმომადგენლები  იქნებიან და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა იქნება, მისი ნდობა და ლეგიტიმაცია, ბუნებრივია იქნება დაბალი,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.  

დღის ამბები