20 ნოემბერი 2024,   05:14
ვრცლად
იუსტიციის სამინისტრო მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობას იწყებს

იუსტიციის სამინისტრო დღეიდან, მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობას იწყებს.

მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ პროცესი საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით გაიმართება. "ქართული ოცნება" კონკრეტულ კანდიდატურებს ამ ეტაპზე არ ასახელებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ წარდგენილი ყველა პირი ღირსეული იქნება.

„მიზანი ამ შემთხვევაში არის რომ კანდიდატურა, რომელიც შერჩეული იქნება სარგებლობდეს საზოგადოების ნდობით, იყოს პროფესიონალი და პრინციპული ადამიანი. იმისათვის, რომ პროკურატურამ შეუფერხებლად გააგრძელოს საქმიანობა. არა მხოლოდ ამ საქმესთან დაკავშირებით, არამედ სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობდა დღემდე,“-ამბობს არჩილ თალაკვაძე.

მმართველ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს „ევროპული საქართველო“. პარტიაში მიიჩნევენ, რომ შალვა შავგულიძე უწყების ღირსეულად ხელმძღვანელობას შეძლებს.  

„ჩვენ ვთავაზობთ მათ ბატონი შალვა შავგულიძის კანდიდატურას. მოუსმინონ არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებას და ნუ მოახვევენ საზოგადოებას თავს მორიგ ფიგურას, რომელიც იქნება ივანიშვილის გუნდის წევრი, ვინაიდან ეს ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ჩვენს ქვეყანას,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით კრიტიკულია „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება.

„ეს არის სრული ბლეფი, ვინაიდან მთავარი პროკურორის კანდიდატურას არჩევს ივანიშვილი და მისი მაფიოზური სინდიკატი. თეა წულუკიანს არავინ არ ჰკითხავს ამ პროცესებში მონაწილეობას. რადგან ამ პროკურორის პირველადი და უმთავრესი ფუნქცია იქნება ივანიშვილის ხელშეუხებლობის გარანტიები,“-აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

დღის ამბები