შანტაჟის საფუძველზე მერია არასამართლებრივ გადაწყვეტილებას არ მიიღებს - ამ განცხადებით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მეტროს მემანქანეების გაფიცვას და პროტესტს ეხმაურება.
დედაქალაქის მეტროპოლიტენში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კახა კალაძემ, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
კალაძე მემანქანეებს შანტაჟში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ხელფასის მატების შესახებ მათი მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს. თბილისის მერის თქმით, მისი მხრიდან მემანქანეთა ულტიმატუმის დაკმაყოფილება სხვა საჯარო მოხელეების მიმართ უსამართლო გადაწყვეტილება იქნება.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ დავუშვებ, რომ თბილისის მოსახლეობა დაზარალდეს შანტაჟისა და გაურკვეველი, სრულიად დაუსაბუთებელი ულტიმატუმების გამო. ის რომ დღეს მეტროსადგურები არ მუშაობს და არ ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, შეიძლება შეფასდეს შანტაჟი საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ.
დაუშვებელია შანტაჟის საფუძველზე მერიამ მიიღოს არასამართლიანი და უთანასწორო გადაწყვეტილებები. სხვა შემთხვევაში მე არ ვიქნები მართალი ბაგა-ბაღების პედაგოგების, სასწრაფო დახმარების ბრიგადების,დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების თუ სხვა სტრუქტურების წარმომადგენელთა წინაშე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ღირსეულად ემსახურებიან და ზრუნავენ თბილისზე და თბილისელებზე,“-განაცხადა კახა კალაძემ.
მეტროს მემანქანეთა გაფიცვის გამო დედაქალაქში დღეს მეტროპოლიტენი არ მუშაობს.
მეტროს მემანქანეები ხელფასების 45% პროცენტით გაზრდას ითხოვენ. მათი განცხადებით, მუშაობას იმ შემთხვევაში განაახლებენ, თუ თბილისის მთავრობა მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს ავტობუსებით გადაადგილებისკენ მოუწოდებს. უწყების გადაწყვეტილებით, ავტობუსები მოსახლეობას დღეს უფასოდ მოემსახურება.